ჩეხი აქტივისტები მოითხოვენ, რომ რუსეთის საელჩოს წყალი და ელექტროენერგია გამოურთონ
უკრაინის მხარდასაჭერად ჩეხეთში მოქმედმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ „საჩუქარი პუტინისთვის“ პეტიცია მოამზადა და სახელმწიფო და კერძო კომპანიებს მიმართა, ელექტროენერგიის, გაზის და წყლის მიწოდება შეწუყვიტონ პრაღაში რუსეთის საელჩოს და ყველა შენობას, რომელიც რუსეთის ფედერაციას ეკუთვნის.
პეტიციის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ჩეხეთმა ასე უნდა უპასუხოს უკრაინის ელექტროსადგურებსა და წყლით მომარაგების სისტემებზე რუსეთის უპრეცედენტო სარაკეტო შეტევას, რომლის გამოც, ელექტროენერგიის და წყლის გარეშე დარჩნენ საავადმყოფოები, საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საბავშვო ბაღები, მაღაზიები და საწარმოები.
ჩეხი აქტივისტების პეტიციის თანახმად, როგორც ჩანს, რუსეთმა გადაწყვიტა უკრაინა სიბნელით და სიცივით გატეხოს, ამიტომ მორალური პრინციპებიდან გამომდინარე, შესაბამის სახელმწიფო და კერძო კომპანიებს მიმართავენ, "პრაღაში რუს დიპლომატებს მათივე წამალი გაასინჯონ".
ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე განახორციელეს 7 მასირებული სარაკეტო შეტევა, რამაც ქვეყანაში მწვავე ენერგოკრიზისი გამოიწვია.