მაკრონი არ გამორიცხავს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 30 იანვარს განაცხადა, რომ საფრანგეთი არ გამორიცხავს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნას - თუმცა დასძინა, რომ საამისოდ ჯერ გარკვეული პირობების შესრულებაა საჭირო.
ჰააგაში, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მაკრონს ჰკითხეს განიხილავს თუ არა საფრანგეთი საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას უკრაინისთვის. მისი თქმით, "გამორიცხული არაფერია", თუკი პირობები დაკმაყოფილებული იქნება. ეს მოიცავს იმის გამორიცხვას, რომ საბრძოლო თვითმფრინავები "რუსეთის მიწას შეეხება", და ასევე იმის უზრუნველყოფას, რომ მათი გაცემა არ დაასუსტებს საფრანგეთის არმიას - თქვა მაკრონმა.
უკრაინამ საბრძოლო თვითმფრინავები ოფიციალურად უნდა მოითხოვოს, თქვა მაკრონმა, რომელიც 31 იანვარს პარიზში შეხვდება უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს.
რუტეს თქმით, უკრაინას ჰოლანდიისგან ოფიციალურად არ უთხოვია F16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და ამჟამად ამის შესახებ საუბარი არ მიმდინარეობს.