Freedom House-ი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - "შეშფოთებულები ვართ"
გავლენიანი უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ი ტვიტერზე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და შეშფოთებას გამოხატავს მის შესახებ ბოლო პერიოდში მიღებული ინფორმაციის გამო. ორგანიზაცია სააკაშვილის შესახებ bbc-ის მიერ მომზადებულ მასალას აზიარებს და წერს, რომ "სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, სანამ ის პატიმრობაშია, საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი". ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყონ ექსპრეზიდენტისთვის "სასწრაფო და სრული სამედიცინო დახმარება".
მიხეილ სააკაშვილი 1 თებერვალს სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" ჩაერთო. სასჯელის გადავადების ანდა გათავისუფლების შუამდგომლობის მორიგ სხდომაზე ჩართვისას, თავისი ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მან მაისური აიწია. მოკლე მიმართვაში მან თქვა, რომ ითხოვს ადეკვატურ მკურნალობას.
1 თებერვალსვე, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, სამედიცინო დაწესებულება და ცალკეული ექიმები ვერ იქნებიან პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, მათ შორის მის მიერ სამედიცინო დანიშნულების შეუსრულებლობაზე.
სააკაშვილის მდგომარეობის საილუსტრაციოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები აჩვენა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ნელა კლავს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა.