განათლების ყოფილი მინისტრი ქუთაისის უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა
განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მიხეილ ჩხენკელმა დღეს, 20 მარტს, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ირაკლი ღარიბაშვილთან. პრემიერ-მინისტრმა მას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. მიხეილ ჩხენკელი ორჯერ იყო განათლების მინისტრი - 2017-2018 და 2019-2023 წლებში. მინისტრობიდან მინისტრობამდე ის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო.
დღეს განათლების ახალ მინისტრად პრემიერ-მინისტრმა გიორგი ამილახვარი წარადგინა. ამილახვარი საქართველოს პარლამენტის წევრი 2020 წლის არჩევნებზე გახდა, ის პარტიული სიის მე-12 ნომერი იყო. ის მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ.