კახა კალაძე: ვისურვებდი, ყველა მინისტრი ჩემზე მაღალი რეიტინგის იყოს
„შეგიძლიათ ნახოთ, რა შედეგები იდებოდა წინასაარჩევნოდ და რა შედეგებით სრულდებოდა ხოლმე არჩევნები. როცა კვლევას ატარებ, ცდომილება შეიძლება იყოს 2-3 პროცენტი, მაგრამ 15, 20, 30-პროცენტიანი ცდომილებებია, რაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს“, - განაცხადა კალაძემ - „თქვენ თუ გინდათ მათქმევინოთ, რომ ვენდობი კვლევას ჩემს ნაწილში, "რა კაია" და ტაში დავუკრა, ეგრე არ არის“.
მედიის შეკითხვაზე, კალაძის აზრით, რით არის გამოწვეული კონკრეტულად მისი მაღალი რეიტინგი, კალაძემ ასე უპასუხა:
„ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მოსახლეობასთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს. ზუსტად ეს განწყობა, დამოკიდებულება, რასაც მე ვგრძნობ დედაქალაქის მოსახლეობისგან არის ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი, რასაც ვუფრთხილდები. ჩემს თანამშრომლებთან და თანაგუნდელებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა არ შენელდეს“.
თბილისის მერმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებაში“ მისი რეიტინგით მხოლოდ იამაყებენ და ეს მას თანაგუნდელებთან ურთიერთობაში პრობლემებს არ შეუქმნის.
"გუნდში რაც უფრო მეტი წარმატებული ადამიანი იქნება, მით უკეთესია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“, ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის. ვისურვებდი, ყველა მინისტრი იყოს ჩემზე მაღლა რეიტინგის თვალსაზრისით და გაკეთებული საქმეებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი დადებით დამოკიდებულებას ავლენს დავით სერგეენკოსა და კახა კალაძის (40-40%) მისამართით.