„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს
განცხადების თანახმად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკის სამინისტრომ 21 მაისს კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებს არ უხსენებიათ 2 მაისის ბრძანება, რომლითაც გაიცა ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.