საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოსოვოს ოპოზიცია კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება
„თქვენმა არჩევანმა ოპოზიციას დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა. ცვლილება მოხდა, ხალხმა გადაწყვიტა, რომ ამ ცვლილებას „თვითგამორკვევამ“ უხელმძღვანელოს“, - დაწერა ფეისბუკში ალბინ კურტიმ, თავის დროზე კოსოვოს სტუდენტური მოძრაობის თავკაცმა, რომლის „თვითგამორკვევის პარტია“ კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, პირველ ადგილზე გადის ხმათა 25,7%-ით.
ამ დროისათვის კოსოვოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 97% დაამუშავა. 25%-ით მეორე ადგილზეა მემარჯვენე-ცენტრისტული კოსოვოს დემოკრატიული ლიგა (LDK). ათი წლის განმავლობაში კოსოვოს მმართველი, დემოკრატიული პარტია მხოლოდ მესამე ადგილზეა - 21,1%-ით.