ევროკავშირის ელჩი ოპოზციისთვის მანდატების შეწყვეტაზე "ქართული ოცნების" კრიტიკას პასუხობს
"მათემატიკური ფორმულა ასე მუშაობს, რომ პარლამენტში რაც უფრო ნაკლებია ათვისებული მანდატები, ნაკლებია პლურალიზმი. ევროკავშირი ბევრს მუშაობდა და ძალიან დიდი ძალისხმევაც ჩადო, რომ პარლამენტი ყოფილიყო ინკლუზიური, მათ შორის 19 აპრილის შეთანხმების გათვალისწინებით, თუმცა ეს პროცესი როგორ აისახება შემდგომ საპარლამენტო მუშაობაზე ეს ჯერჯერობით უცნობია, მათ შორის ფრაქციების დაკომპელქტების ნაწილში. ვნახოთ რა იქნება", - თქვა ელჩმა.
15 თებერვალს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა სამ ოპოზიციონერ დეპუტატს, რაც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ასე შეაფასა:
"რაც შეეხება გადაწყვეტილებას რამდენიმე ოპოზიციური მანდატის შეწყვეტის თაობაზე, გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად".
ამის პასუხად 17 თებერვალს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება ევროკავშირის ელჩის შეფასებას დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე:
"არც ბატონმა კარლმა არ იმსჯელა იმ ობიექტური კრიტერიუმებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ამ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად... არც მიზანშეწონილობაზე ჰქონდა სწორი შეფასება და არც სამართლებრივ საფუძველზე. აქედან გამომდინარე, მას კატეგორიულად არ ვეთანხმები"., - თქვა მდინარაძემ.
15 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით საპარლამენტო მანდატები შეუწყდათ: ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს.