ნიკოლოზ სამხარაძე: რეზოლუციის მთავარი არსი იყო უკრაინის მხარდაჭერა და არ რუსეთის კიდევ ერთხელ გამოჭენება
საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის ინიციატივით საქართველოს პარლამენტმა 1 თებერვალს მიიღო რეზოლუცია “უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“, რომელშიც არ წერია, თუ ვისგან მომდინარეობს უკრაინის ესკალაციის საფრთხე.
თანაც ამ რეზოლუციის მიღება მოხდა იმ ფონზე, როდესაც აშშ-ი და მისი მოკავშირეები, მთლიანად კოლექტიური დასავლეთი, ხმამაღლა ადანაშაულებს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ესკალაციაში. რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, თუ რა დაშავდებოდა რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ხსენებით, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ რეზოლუციის მთავარი არსი იყო „უკრაინის მხარდაჭერა და არა რუსეთის კიდევ ერთხელ გამოჭენება როგორც აგრესორისა. მთავარი საკითხი იყო, რომ ჩვენ, პარლამენტს და შესაბამისად ქართველ ხალხს ყველას ერთად სოლიდარობა გამოგვეცხადებინა უკრაინისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის და მისი არჩევანისთვის, გახდეს ნატოს წვერი ქვეყანა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ, პრაღაში რადიო თავისუფლების სათავო ოფისში რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურთან ინტერვიუში.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით იმყოფება ჩეხეთის დედაქალაქში და მართავს შეხვედრებს სენატსა და დეპუტატთა პალატაში.
შეკითხვაზე აპირებს თუ არა საქართველო ჩეხეთის მსგავსად, გარკვეული სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე მდგარ უკრაინას, თუნდაც სამხედრო -სამრეწველო საწარმო „დელტას“ მიერ გამოშვებული არალეტალური სამხედრო საშუალებებით, - ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მუდმივ კავშირზეა უკრაინის სამხედრო უწყებასთან და თუ ამის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამას გააკეთებს.