დონბასელ სეპარატისტთა ლიდერებმა პუტინს მიმართეს თხოვნით, ცნოს "დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკები“
"მთელი ხალხის სახელით, ჩვენ გთხოვთ, აღიაროთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფო და ასევე გთხოვთ, გაითვალისწინოთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დადების შესაძლებლობა, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პუშილინის მიმართვაში. ლეონიდ პასეჩნიკი რუსეთის ლიდერს მიმართავს, რომ „სამოქალაქო მოსახლეობის მასობრივი სიკვდილის თავიდან ასაცილებლად, რომელთაგან 300 ათასი რუსეთის მოქალაქეა, გთხოვთ, აღიაროთ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა".
ერთი კვირის წინ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა ასევე დაამტკიცეს რეზოლუცია, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სთხოვენ, აღიაროს "ლუჰანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების" დამოუკიდებლობა.
21 თებერვალს რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა მოუწოდა ვლადიმირ პუტინს, რათა განიხილოს დუმის რეზოლუცია "დონბასის სახალხო რესპუბლიკების" დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ამ იდეას მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ.
მანამდე, 18 თებერვალს სეპარატისტული "ლუჰანსკის და დონეცკის რესპუბლიკების ლიდერებმა" მათ კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს, რაც მათ ახსნეს კიევის დონბასზე შეტევის გეგმით. უკრაინის ხელისუფლება უარყოფს ასეთ იერიშებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 თებერვალს საღამოს ტვიტერზე დაწერა, რომ ის სასწრაფო სამშვიდობო მოლაპარაკებებს მოითხოვს კრიზისის განსამუხტად. ამ ტვიტში საუბარია სამმხრივ ფორმატზე, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს შეიქმნა და მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინას, რუსეთსა და ეუთოს მოიაზრებს.