სასამართლომ პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის საქმეზე დავალება მისცა
"პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს დაევალება, მიიღოს ყველა ის ზომა, რაც აუცილებელია ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველსაყოფად. სასამართლო ითხოვს, შესაბამისი ინფორმაცია წარმოადგინოს ამ ზომების მიღებასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხორციელდებოდა მის მიმართ ჯანმრთელობის დაცვის საკითხები", - განაცხადა კოლეგიის თავმჯდომარემ, ნინო ელიაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები, ბექა ბასილაია და ნიკა გვარამია სასამართლოს განჩინებით პენიტენციურ სამსახურში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმების დაშვებას ითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც მოსამართლეებმა არ დააკმაყოფილეს ადვოკატების ფორმულირებით ჩამოყალიბებული მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.
ეს სააკაშვილის მიერ პატიმრობის დროს შიმშილობის გამოცხადების პირველი შემთხვევა არ არის. იგი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და ამ დღიდან შიმშილობდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური სამსახურის კლინიკაში გადაიყვანეს.
შიმშილობის 50-ე დღეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სწორედ ამ დღეს, 20 ნოემბერს შეწყვიტა მან შიმშილობა. დეკემბრის ბოლოს ის ისევ რუსთავის ციხეში დააბრუნეს.
ადვოკატები ამბობენ, რომ რუსთავში დაბრუნების შემდეგ, სააკაშვილთან არ უშვებენ მის მკურნალ ექიმსა და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს.