აშშ უკრაინას 1 მილიარდი დოლარის შეიარაღების ახალ პარტიას უგზავნის
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მან თავის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის შეატყობინა სატელეფონო საუბრისას, რომ აშშ დაეხმარება მას.
აშშ კვლავაც მზადაა, დაეხმაროს უკრაინელ ადამიანებს, „რომელთა სიცოცხლე ომმა გაგლიჯა,“ ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.
დახმარება მოიცავს რაკეტებს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისთვის, რომლებიც უკვე გაიგზავნა უკრაინაში, ასევე საარტილერიო ჭურვებს ჰაუბიცებისთვის და სათადარიგო ნაწილებს.
დღეს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში შეხვედრა გამართა მოკავშირე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. მათ უკრაინის დახმარების შესახებ ითათბირეს. ოსტინმა თქვა, რომ დასავლეთმა უნდა გაზარდოს იარაღის მიწოდება და „მეტი ღონე იხმაროს, რათა უკრაინამ შეძლოს დაიცვას საკუთარი თავი, საკუთარი მოქალაქეები და საკუთარი ტერიტორია“.
ოსტინმა მადლობა გადაიხადა მთელი სამხედრო დახმარებისთვის, რომელიც პარტნიორებმა გაგზავნეს უკრაინაში ან ამის პირობა დადეს, მაგრამ დასძინა: „ჩვენ არ გვაქვს მოშვების უფლება და ორთქლს ვერ გამოვუშვებთ. საქმე გვაქვს ძალიან დიდ ფსონთან.“
ოსტინის თქმით, ამჟამად აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარება ორი წყაროდან ხორციელდება. ერთია იარაღი უშუალოდ აშშ-ის არმიის საწყობებიდან და მეორეა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივა - კონგრესის მიერ დამტკიცებული ცალკე პროგრამა.