მაკრონი: ევროკავშირში მოლდოვის წევრობა პირობებთან იქნება დაკავშირებული
მაკრონმა თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ, სანქციების გზით მიაღწიონ ომის დასრულებას. მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ თავიდან ავიცილოთ საბრძოლო მოქმედებები და ამავე დროს ომის ფასი ძალზე ძვირად დავუსვათ რუსეთსო.
მაგრამ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ თუკი მოვა დრო, როცა მოლდოვა ევროკავშირში წევრობას შეეცდება, ეს აუცილებლად იქნება დაკავშირებული გარკვეულ პირობებთან.
„იმედი მაქვს, მკაფიო პასუხის გაცემას შევძლებთ წევრობის საკითხზე,“ თქვა მან. „თითქმის უეჭველია, რომ საქმე გვექნება პირობებთან, სანამ ეს საქმე შეიძლება წინ წავიდეს.“
13 ივნისს, ევროკომისიაში პირველი დებატების დასრულების შემდეგ, ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყებოდა, რომ, როგორც ჩანს, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებენ გარკვეული პირობებით, საქართველოს მიმართ კი, ჯერ კიდევ არსებობს კითხვის ნიშნები.
ევროკომისია რეკომენდაციების მომზადებას 17 ივნისისთვის დაასრულებს. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭო მიიღებს ბრიუსელში, 23-24 ივნისს დანიშნულ სამიტზე. რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.