შალვა პაპუაშვილი ფინეთის პრემიერ-მინისტრს, სანა მარინს შეხვდა
„შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის აგრესია და მისი შედეგები. აღინიშნა, რომ რუსეთის პოლიტიკა 2008 წელს - საქართველოში და 2014 წელს - უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გაგრძელებაა", - ვკითხულობთ ოფიციალურ ცნობაში.
„ფინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან ის ერთ-ერთია, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს 23-24 ივნისს ევროპული საბჭოს სხდომაში და გადაწყვეტილებას იღებს კანდიდატობის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით - მათი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არის ცალსახა“, -განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
როგორც პარლამენტის სპიკერი ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მსჯელობისას, ევროპულმა საბჭომ საკითხის გეოპოლიტიკური განზომილება გაითვალისწინოს.
პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სკანდინავიის ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ის ფინეთში შეხვდა კოლეგას მატი ვანჰანენს და პარლამენტის წევრებს.
საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით წარდგენის გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, იგივე გააკეთა უკრაინამ. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.
საქართველოში სტატუსის საკითხზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში ელოდებიან.