ბრიტანული თავდაცვა: რუსი სამხედროები უფრო და უფრო აკრიტიკებენ ლიდერებს
სამინისტრო მიუთითებს გენერალ-მაიორის ივან პოპოვის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე, რაც მოჰყვა მის მიერ სამხედრო ხელმძღვანელობის კრიტიკას, ჯარისკაცებისთვის განკუთვნილ ვიდეომიმართვაში.
პოპოვმა, რომელიც მეთაურობდა 58-ე კომბინირებულ არმიას, რომელიც იბრძოდა უკრაინის ფრონტზე, ზაპოროჟიეს მახლობლად, თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ზურგში ურტყამდა ჯარს ყველაზე რთულ და ინტენსიურ მომენტში.
ბრიტანული თავდაცვის განცხადებით, რუსეთი მუდმივად ათავისუფლებდა მეთაურებს უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, მაგრამ პოპოვის გადაყენება შესამჩნევი იყო, რადგან „ის, როგორც ჩანს, გაათავისუფლეს შეშფოთების გამოთქმისთვის და არა ცუდად შესრულებული სამუშაოსთვის“.
სამინისტრომ ტვიტერზე დაწერა:
„პოპოვის კომენტარები ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბევრი ოფიცერი სერიოზულ უკმაყოფილებას განიცდის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ. საჩივრები ძირითადად იმეორებს „ვაგნერის“ ჯგუფის ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის მიერ 2023 წლის ივნისის ამბოხებამდე გაჟღერებულ ჩივილს.
ქვეშევრდომების პირდაპირი კრიტიკა, სავარაუდოდ, მზარდი პრობლემა გახდება თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროსის გენერალ გერასიმოვისთვის“.
არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა 23 ივნისს, საღამოს, გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რასაც მრავალათასიანი „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებენ.
24 ივნისს „ვაგნერელების“ ნაწილმა, პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი და ვორონეჟის ოლქშიც შევიდა, ნაწილი კი, მოსკოვისკენ დაიძრა.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ღალატი და ზურგიდან დარტყმა.
24 ივნისს, ღამით, ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკასთან მოლაპარაკების შემდეგ, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, ამიტომ ამბოხს წყვეტს.