ალიევმა პუტინს ბოდიში მოუხადა რუსი სამშვიდობოების სიკვდილის გამო
ალიევმა ასევე პირობა დადო, რომ ინციდენტს გამოიძიებენ საფუძვლიანად და „ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება“. გარდა ამისა, ალიევმა გამოთქვა მზადყოფნა, ფინანსურად დაეხმაროს დაღუპულთა ოჯახებს.
კრემლის პრესსამსახური არ ამბობს, რა უპასუხა პუტინმა აზერბაიჯანელ კოლეგას.
20 სექტემბერს, საღამოს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელშიც რუსი სამხედროები იყვნენ. ისინი დაიღუპნენ. მანქანაში მყოფთა რაოდენობა და ვინაობა დასახელებული არ არის.
რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „მედუზის“ ცნობით, დაღუპულთა შორის არის რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის წყალქვეშა ძალების მეთაურის მოადგილე, 1-ლი რანგის კაპიტანი ივან კოვგანი.
კოვგანი ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის მეთაურის მოადგილე იყო. ის 53 წლის იუბილემდე ორი დღით ადრე დაიღუპა.