რუსეთი მოსამართლის გარეშე დარჩა გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში
კირილ გევორგიანი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე იყო 2015 წლიდან. მან აღმოსავლეთ ევროპის კვოტით გადაწყვიტა მეორე ვადით კენჭისყრა, თუმცა, რუმინეთის წარმომადგენელთან ბოგდან-ლუჩიანუ აურესკუსთან დამარცხდა. 9 ნოემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, აურესკუ 117 ხმით აირჩიეს. მას მხარი დაუჭირა გაეროს უშიშროების საბჭოს 15-დან 9 წევრმაც.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, რომელიც ჰააგაში მდებარეობს და გაეროს 6 მთავარი ორგანოდან ერთ-ერთია, 15 მოსამართლისგან შედგება. მათ 9 წლის ვადით ირჩევენ გაეროს გენერალური ასამბლეა და უშიშროების საბჭო. ამასთან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ხდება 5 მოსამართლის ხელახლა არჩევა. რამდენიმე ვადით კენჭისყრა აკრძალული არ არის.
ამჟამად მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის საჩივრებს, რომლებიც ეხება 2014 წელს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონბასელი სეპარატისტების ქმედებებს და ყირიმის ანექსიას და 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრას.