Axios: აშშ მზადაა უკრაინას იურიდიულად სავალდებულო მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტია მისცეს
ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინას ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტია მისცეს, რომელსაც კენჭისყრაზე გამოიტანენ კონგრესში და იურიდიულად სავალდებულო ძალა ექნება - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ ვაშინგტონი მზად არის უკრაინას მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტია მისცეს, რომელიც შემდგომ კონგრესის მიერ დამტკიცდება.
"ჩვენ გვინდა უკრაინელებს მივცეთ უსაფრთხოების გარანტია, რომელიც ერთის მხრივ არ იქნება ე.წ. ცარიელი ჩეკი, მაგრამ მეორეს მხრივ იქნება საკმარისად ძლიერი. ჩვენ მზად ვართ ეს კონგრესში გავგზავნოთ კენჭისყრისთვის"- ამბობს ერთ-ერთი წყარო.
გამოცემის წყაროების ცნობით, უკრაინასთან მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ყველაზე საგრძნობი პროგრესი სწორედ უსაფრთხოების გარანტიებთან და ქვეყნის ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებულ პუნქტებზე მიაღწიეს. ამავე მოლაპარაკების ნაწილია გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესახებ.
დღეს, 13 დეკემბერს პარიზშია დაგეგმილი უკრაინელი და ევროპელი მაღალი რანგის პოლიტიკოსების შეხვედრა, რის შემდეგაც გაიმართება ბერლინში შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენელს, სტივ ვიტკოფსა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შორის, რომელსაც ევროპელი ლიდერებიც დაესწრებიან.