ბაქოში გამოცხადდა ყარაბაღის ყოფილი დე ფაქტო ლიდერების განაჩენი - არაიკ არუთუნიანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
ბაქოს სამხედრო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის ყოფილ ლიდერებს.
სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ:
თვითაღიარებული რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს, არაიკ არუთუნიანს;არაღიარებული რესპუბლიკის არმიის ყოფილ მეთაურს, ლევონ მნაცაკანიანს;არაღიარებული რესპუბლიკის არმიის ყოფილი მეთაურის მოადგილეს, დავით მანუკიანს;თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, დავით იშხანიანს;თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, დავით ბაბაიანს.თვითაღიარებული რესპუბლიკის ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტებს, არკადი ღუკასიანს და ბაკო საჰაკიანს, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ბრალდებულებს სამუდამო პატიმრობა ვერ მიესჯებოდათ, ვინაიდან განაჩენის გამოტანის დროისთვის მათ 65 წელი შეუსრულდათ.
საქმეში 15 ბრალდებულია. ყველა მათგანი 2023 წელს დააკავეს, მას შემდეგ, რაც მთიანი ყარაბაღის ტერიტორია სამხედრო ოპერაციის შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა. მათ აგრესიული ომის მომზადებასა და წარმოებაში, ომის კანონებისა და წესების დარღვევაში, გენოციდში, ტერორიზმის დაფინანსებაში, ძალაუფლების ძალადობრივ ხელში ჩაგდებასა და მკვლელობებში ედებათ ბრალი.
ცალკე განიხილება თვითაღიარებული ყარაბაღის დე ფაქტო მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, რუბენ ვარდანიანის საქმე. მასაც სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
საერთაშორისო სამართლის თანახმად, ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენული ნაწილია. რეგიონის დიდი ნაწილი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაკავებული ჰქონდათ ეთნიკურად სომხურ ძალებს. დე ფაქტო „არცახის რესპუბლიკის“ საყრდენი ერევანი იყო, - მოსკოვთან ერთად. ბაქომ ტერიტორიის ნაწილზე კონტროლი 2020 წლის შემოდგომაზე 44-დღიანი ომის შემდეგ აღადგინა. 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა რეგიონში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც არაღიარებულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა და რეგიონზე აზერბაიჯანის იურისდიქცია აღდგა.
ყარაბაღი ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისგან დაიცალა - იძულებით გადაადგილება 100 000-ზე მეტ სომეხს მოუწია.
ბაქომ სომხურ მოსახლეობას ყარაბაღში დარჩენისა და აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღებისკენ მოუწოდა. აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ უზრუნველყოფდა დარჩენილი ეთნიკური სომხების უფლებების დაცვას. თუმცა მათ სომხეთში წასვლა არჩიეს.