ისრაელი ლიბანს "დამანგრეველ შედეგებზე" აფრთხილებს, ამ კვირაში მსხვერპლის რიცხვი 300 ადამიანს უახლოვდება
ისრაელმა 7 მარტს ლიბანი გააფრთხილა "დამანგრეველ" შედეგებზე იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ვერ შეძლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების, ჰეზბოლას შეკავებას. ისრაელი აგრძელებს საჰაერო იერიშებს ამ ჯგუფის ობიექტებზე ლიბანის მასშტაბით.
ლიბანი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში ჩათრეული აღმოჩნდა ორშაბათს, როცა აშშ-ის და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა - ისრაელმა კი ამას უპასუხა განახლებული სამხედრო კამპანიით, რასაც 300-მდე ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, ასი ათასობით ლიბანელს სახლკარის დატოვება მოუწია.
სააგენტო Reuters-ი ავრცელებს ბეირუთის სამხრეთ ნაწილში გადაღებულ მასალას - სადაც ჰეზბოლაა გამაგრებული - რომელზეც ჩანს დანგრეული ნაგებობები და კვამლი.
აღმოსავლეთით, ქალაქ ნაბი ჩიტში, ისრაელმა საჰაერო ძალების ოპერაცია განახორციელა და ადგილი დაბომბა, რამაც მიწაზე ღრმულები გააჩინა - წერს სააგენტო.
თავად ისრაელში ისმოდა საჰაერო განგაშის სირენები, ადამიანები თავშესაფრებში მიდიოდნენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო გამოსვლაში თქვა, რომ ლიბანის ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა შეასრულოს 2024 წლის შეთანხმება და განაიარაღოს ჰეზბოლა.
"თქვენი პასუხისმგებლობაა ჰეზბოლას განიარაღება. ამას თუ არ გააკეთებთ, ჰეზბოლას აგრესიას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება ლიბანისთვის. დროა საკუთარი ბედისწერა თქვენივე ხელში აიღოთ. რაც საჭირო იქნება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი თემების და მოქალაქეების დასაცავად" - თქვა ნეთანიაჰუმ.
ლიბანის ხელისუფლებამ შარშან არმიას დაავალა სახელმწიფო მონოპოლიის დამკვიდრება იარაღზე. სამხედროებმა ჰეზბოლას იარაღის კონფისკაცია განახორციელეს სამხრეთის ნაწილებში, მაგრამ ლიბანის მაღალჩინოსნებმა და უშიშროების წყაროებმა შემდეგ თქვეს, რომ ამ გეგმის სისრულეში მოყვანა მოიტანდა შიდა დაძაბულობას, რადგან ჰეზბოლა უარს აცხადებდა თავისი არსენალის სრულად დათმობაზე.
გასულ ღამეს ისრაელის ვერტმფრენებმა სამხედროები ჩამოსვეს ქალაქ ნაბი ჩიტთან, ლიბანის აღმოსავლეთში მდებარე ბექაას ხეობის სიახლოვეს.
ისრაელის არმიის განცხადებით, მისი ძალები ახორციელებდნენ ოპერაციას რონ არადის ცხედრის მოსაძიებლად - საჰაერო ძალების ისრაელელი ნავიგატორის, რომელიც 1986 წლიდანაა დაკარგული ლიბანში, თუმცა მასთან დაკავშირებული მტკიცებულებები აღმოჩენილი არ არის.
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ღამით ცეცხლი გაუხსნა ნაბი ჩიტთან ოთხი ვერტმფრენით ჩამოფრენილ ისრაელელ სამხედროებს და მათ უკან დაიხიეს. ისრაელის არმია აცხადებს, რომ არც ერთი მისი სამხედრო არ დაშავებულა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 41 ადამიანი დაიღუპა ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელის მიერ ნაბი ჩიტის არეალში განხორციელებული შეტევისას. ლიბანის არმია აცხადებს, რომ დაღუპულებს შორის მისი სამი წევრია.
საერთო ანგარიშით, ორშაბათის შემდეგ ლიბანში ისრაელის თავდასხმებს ემსხვერპლა 294 ადამიანი, დაიჭრა 1000-ზე მეტი პირი - აცხადებს ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო.
ევაკუაციის ბრძანების შედეგად საცხოვრებელი სახლები დატოვა 300 000-მდე ადამიანმა, მათი მესამედი სამთავრობო თავშესაფრებში გადავიდა.
ისრაელის არმიამ მიმდინარე კვირაში ლიბანში მყოფი ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები გააფრთხილა "დაუყოვნებლივ წავიდნენ, სანამ სამიზნე გახდებიან".
სააგენტო Reuters-სს ლიბანელმა წყარომ უთხრა, რომ შაბათს ლიბანი დატოვა ირანის 150-ზე მეტმა მოქალაქემ, მათ შორის დიპლომატებმა და მათმა ოჯახებმა, ხოლო წინა დღეს ქვეყნიდან გაემგზავრა 20 ირანელი.
28 თებერვალს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ირანმა საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში. დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც.