რუსთავის ციხეში სააკაშვილის სანახავად მისი ცოლი ლიზა იასკო მივიდა
რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია დაპატიმრებული, მისი ცოლი ლიზა იასკო მივიდა. მას ქმართან შეხვედრა უნდა.
რადიო თავისუფლება ცდილობს გაარკვიოს, მისცემენ თუ არა ლიზა იასკოს ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლებას.
ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დააკავეს. მისი ცოლი უკრაინის რადის დეპუტატია მმართველი პარტიიდან. სააკაშვილის დაკავების შემდეგ მან გამოაქვეყნა ერთად გადაღებული ვიდეო, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობდა, რომ ის და ლიზა ერთად იყვნენ, ახალი ოჯახის მშენებლობა დაიწყეს და სურდათ ამის შესახებ საზოგადოებასაც გაეგო.
"დღეს მე და ლიზა იასკო ვართ ერთად, ჩვენ გვაქვს ჩვენი ერთობლივი ოჯახი. ჩვენ გვინდა, რომ ყველამ გაიგოს ჩვენი ამბავი და გვისურვოს ბედნიერება", - ამბობდა მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც, ლიზა იასკოს თქმით, საქართველოში სააკაშვილის წამოსვლამდე ჩაწერეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.