აშშ მიესალმება ევროკავშირის ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ზელენსკი რუსეთის მეტ ეკონომიკურ იზოლაციას ითხოვს
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ნედ პრაისმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას უწოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ამცირებს ევროპის დამოკიდებულებას რუსეთის ნავთობსა და ბუნებრივ აირზე. ნედ პრაისის თქმით, სანქციების საკითხში გამოიკვეთა "ფართო მხარდაჭერა" აშშ-ის ევროპის მოკავშირეთა მხრიდან, რათა "წაერთვას ძალა რუსეთის ომის მანქანას, რასაც მისი ენერგეტიკული ბაზარი წარმოადგენს".
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, მაგრამ განაცხადა, რომ როგორც კი ამოქმედდება სანქციათა მეექვსე პაკეტი, ევროკავშირი უნდა შეუდგეს მე-7 პაკეტზე მუშაობას. "ბოლოს და ბოლოს არ უნდა დარჩეს არავითარი არსებითი ეკონომიკური ურთიერთობა თავისუფლების სამყაროს სახელმწიფოებსა და ტერორისტულ ქვეყანას შორის", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სამშაბათ ღამით ევროკავშირის ლიდერებმა პოლიტიკურად დაუჭირეს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანავთობო ემბარგოს შემოღებას. იურიდიულად ეს გადაწყვეტილება ოთხშაბათ-ხუთშაბათს დამტკიცდება.
მიღწეული შეთანხმების თანახმად, ევროკავშირი 75%-ით შეამცირებს ზღვით ექსპორტირებულ რუსეთის ნავთობს. გამონაკლისი გაკეთდება მხოლოდ მილსადენის ნავთობის შემთხვევაში. მაგრამ გერმანიამ და პოლონეთმა იკისრეს ვალდებულება, რომ შეაჩერებენ ამ გზით რუსული ნავთობის იმპორტსაც, რაც ნიშნავს, რომ ევროპული ემბარგო გავრცელდება ევროპაში რუსეთის ექსპორტის 90%-ზე.