ბრიტანული დაზვერვა: რუს ჯარისკაცებს ბრძოლას აიძულებენ „ალუმინის კონსერვის ქილებით"
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვამ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ყოველდღიური ანალიზი დღეს, 3 ნოემბერს მთლიანად დაუთმო რუსეთის საბრძოლო ტექნიკის დანაკარგებს. ბრიტანული დაზვერვის თანახმად, რუსი ჯარისკაცები სავარაუდოდ, გაღიზიანებული არიან, რომ ბრძოლას აიძულებენ ქვეითთა ძველი საბრძოლო მანქანებით, რომლებსაც „ალუმინის კონსერვის ქილებს“ უწოდებენ.
გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, ოქტომბერში, უკრაინის არმიის შეტევისას რუსეთი დღეში კარგავდა 40 ერთეულზე მეტ ჯავშანტექნიკას, რაც დაახლოებით უტოლდება ერთი ბატალიონის ტექნიკის რაოდენობას. ბრიტანული დაზვერვის თანახმად, ბოლო რამდენიმე კვირაში, რუსეთმა, როგორც ჩანს, ბელარუსისგან შეიძინა დამატებით, სულ მცირე 100 ტანკი და საბრძოლო მანქანა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ომის წარმოების რუსულ სტრატეგიაში ცენტრალური ადგილი უჭირავს ჯავშანსატანკო ნაწილებს და არტილერიას, მოცემულ მომენტში კი, უკრაინაში მყოფი რუსეთის სამხედრო ნაწილები სირთულეებს განიცდიან საარტილერიო ჭურვების და გამართული ჯავშანტექნიკის ნაკლებობის გამო.