ირანის ქალაქ ზაჰედანში შიიტი სასულიერო პირი მოკლეს
უპირატესად სუნიტებით დასახლებულ ირანის ქალაქ ზაჰედანში 3 ნოემბერს შიიტური მეჩეთის მუსლიმანი სასულიერო პირი მოკლეს. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ მოკლული სასულიერო პირის ვინაობა დაასახელა. საჯად შახრაკი მეჩეთის წინ შეიარაღებულმა პირებმა ჩაცხრილეს. მკვლელობის სხა დეტალები უცნობია.
პროვინცია სისთან-ბელუჯისტანის პოლიციის სარდალმა, აჰმად ტაჰერიმ განაცხადა, რომ დამნაშავეების მოსაძებნად და შესაპყრობად შექმნილია სპეციალური ოპერატიული ჯგუფი.
ირანის ქალაქი ზაჰედანი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან არენას ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო ტალღის ფონზე, რომელმაც იფეთქა 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ. ახალგაზრდა გოგო 16 სექტემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც იგი მორალის პოლიციამ ვითომ ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააპატიმრა.
სისთან-ბალუჩისტანის პროვინციის ქალაქ ზაჰედანში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, გამართული საპროტესტო გამოსვლების დროს მოკლეს 108 ადამიანი, ხოლო, სულ მცირე, 93 პირი დაიღუპა ცალკეულ შეტაკებებში.