ზურა ჯაფარიძე: ამ ბრძოლასაც მოვიგებთ, ამათაც მოვიშორებთ!
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ დემონსტრანტებს მიმართა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ. როგორც მან განაცხადა, 2022 წლის 24 თებერვალს ცხადი ხაზი გაივლო, სად არის მორალი და სად ამორალურობა. ჯაფარიძის თქმით, საქართველოში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ ახსნა, სად არის ბოროტება და სად სიკეთე.
„ერთადერთი რისი თქმაც მინდა არის ძაან დიდი მადლობა, იმიტომ, რომ აქ მოხვედით. 24 თებერვალი უკვე არის პრინციპული, ისტორიული თარიღი. ჩვენ თვალწინ სამყარო გაიყო ორად. ერთ მხარეს არის ნათელი და მეორე მხარეს არის სიბნელე. შარშან, ზუსტად ერთი წლის წინ, ამ დღეს მთელ ცივილიზებულ სამყაროს სჯეროდა, რომ უკრაინა, სამ დღეში კიევი დაეცემოდა. კიევი თუ დაეცემოდა, გასაგებია რა დაემართებოდა ჩვენს ქვეყანას. დავკარგავდით ძალიან, ძალიან მაღალი ალბათობით, ყველაზე ძვირფასს, რაც გვაქვს - დამოუკიდებლობას, რასაც თაობებმა შესწირეს სიცოცხლე. უამრავი სისხლი გვაქვს ამისთვის დაღვრილი. მერე მოხდა სასწაული, ის, რასაც ჩვენ ერთი წელია ვუყურებთ, არის რეალური სასწაული. „ლაივში" ვუყურებთ, უკრაინელები, რას აკეთებენ. გააჩერეს ეს ბოროტების იმპერია. ძალიან მაღალი ალბათობით, მე შეიძლება ჩემს ცხოვრებაში უკვე მეორედ მოვესწრო ამ იმპერიის რღვევას. ამას აკეთებენ უკრაინელების ჩვენ თვალწინ. ასეთი დღეა. ძაან ცხადი ხაზი გაივლო, სად არის მორალი და სად ამორალურობა. სად არის თეთრი, სად არის შავი. ის, რომ თქვენ დღეს აქ ხართ, ეს არის დასტური იმის, რომ თქვენ არ გჭირდებათ ამის ახსნა", - მიმართა დემონსტრანტებს ზურა ჯაფარიძემ და დაამატა, - გარშემო ყველას გვყავს გარშემო ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ ერთი წლის თავზე 24 თებერვალს რაღაცის ახსნა სჭირდება, სად არის სიკეთე და სად არის ბოროტება".
როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერი ამბობს, თბილისში ქუცაში ხალხის გამოსვლა ნიშნავს იმას, „ამ ბრძოლასაც მოვიგებთ, ამათაც მოვიშორებთ და ნორმალურ ქვეყანასაც ავაშენებთ".
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაციის „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“ ორგანიზატორები არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, სტუდენტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
აქციას შეუერთდნენ ომის გამო უკრაინიდან ლტოლვილთა მარშის მონაწილეები.
დღეს ერთი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს თითქმის 5 000 სარაკეტო და დაახლოებით 3 500 საავიაციო დარტყმა. ასევე, 1 100-მდე დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით.
გაეროს მონაცემებით, რაც სრულ სურათს არ ასახავს, ომის შედეგად დაიღუპა 8 000 მეტი სამოქალაქო პირი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა დაახლოებით 14 000 000-მა ადამიანმა. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათი ათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.