ბაქოსთან ყარაბაღელების მოლაპარაკებას ჯერჯერობით შედეგი არ მოუტანია
აზერბაიჯანი ამნისტიას სთავაზობს ყარაბაღის თავდაცვის ძალების იმ წევრებს, რომლებიც იარაღს დაყრიან, თუმცა ზოგიერთმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს წინააღმდეგობას. ამის შესახებ Reuters-ს უთხრა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჰიქმეთ გაჯიევმა.
ყარაბაღში განაცხადეს, რომ შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული.
ამასობაში ტასი იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, რომ ყარაბაღის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსი სამშვიდობო ძალების კონტროლით დაიწყეს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ჩაბარება.
როგორც ბაბაიანმა აღნიშნა, მიღწეულია შეთანხმება, რომ პარასკევს ჰუმანიტარული კოლონა ლაჩინის დერეფნის გავლით შეძლებს ყარაბაღში შესვლას. მთიანი ყარაბაღისკენ მიმავალმა რუსეთის სამშვიდობო ძალების შვიდმა მანქანამ, მათ შორის დიდმა სატვირთო მანქანებმა, პარასკევს სომხური საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაიარა, იტყობინება რეგიონიდან Reuters-ის კორესპონდენტი.
ერევანში პარასკევს საღამოს დაიწყო მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის ქმედებების წინააღმდეგ მიმართული მორიგი საპროტესტო აქცია. ერევნის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე გამართულ მიტინგზე შეიკრიბა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკით უკმაყოფილო ათასამდე ადამიანი. Deutsche Welle-ს ცნობით, აქციის მონაწილეები ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.
პარასკევს ერევნის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაზე 98 ადამიანი დააკავეს, იტყობინება „ინტერფაქსი“ სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. დღის პირველ ნახევარში დაკავებულთა შორის იყო ლევონ ქოჩარიანი, ქვეყნის მეორე პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ვაჟი. დაკავებულის ადვოკატის თქმით, პოლიციამ უმცროს ქოჩარიანს სცემა. დაზარალებული საავადმყოფოში მოათავსეს. ასევე დროებით დააკავეს აქციის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი ოპოზიციონერი დეპუტატი ანდრანიკ თევანიანი.
სომხეთის ხელისუფლება აგრძელებს მზადებას რეგიონის მცხოვრებთა შესაძლო ევაკუაციისთვის. სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რესპუბლიკაში 40 ათასზე მეტი ადგილია მომზადებული მთიანი ყარაბაღიდან წამოსული ხალხის დროებით დასაბინავებლად.