სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაეროში გამოსვლა გამოიყენა იმის სათქმელად, რომ ორმა პოსტსაბჭოთა მეტოქე ქვეყანამ ვითარება "მოაწესრიგა" და ახლა დადგა "ურთიერთნდობის" შენების დრო.
მთიან ყარაბაღში ერევნის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აცხადებენ, რომ იცავენ რამდენიმე დღის წინ მიღწეულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა კვლავ რჩება შეშფოთება ათი ათასობით ეთნიკური სომეხის უსაფრთხოებაზე და დაჭრილთა ევაკუაციაზე.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი მიესალმა მისი ქვეყნის მიერ 19-20 სექტემბერს მთიან ყარაბაღში წარმოებულ სამხედრო კამპანიას და განაცხადა, რომ ამით მიღწეულ იქნა "ანტი-ტერორისტული ზომების მიზნები".
რამდენიმე საათში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა აზერბაიჯანი დაადანაშაულა "ომის გზის" არჩევაში და საერთაშორისო პრინციპების უგულებელყოფაში.
მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად, თუმცა 1990-იანი წლების სეპარატისტული ომის შემდეგ ის დე ფაქტო დამოუკიდებელი იყო. 2020 წელს აზერბაიჯანმა დაიბრუნა დიდი ნაწილი იმ ტერიტორიისა, რომელსაც 1990-იანი წლებიდან ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ, ერევნის მხარდაჭერით.