ანატოლი ბიბილოვს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა
დიდ ბრიტანეთის მთავრობის ვებ-საიტზე მითითებულია, რომ “ბიბილოვი მონაწილეობს ან მონაწილეობდა უკრაინის დესტაბილიზაციაში, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობის რღვევაში და მისდამი მუქარაში”.
სანქციები ითვალისწინებს, მათ შორის, აქტივების დაყადაღებას და მოგზაურობის აკრძალვას ბრიტანეთში.
ანატოლი ბიბილოვი მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებდა სეპარატისტებთან ეგრეთ წოდებულ ლნრ-სა დნრ-ში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდეც. 2022 წლის მაისში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებიდან მალევე ბიბილოვი დონეცკში გაემგზავრა, სადაც მედიის ცნობით, მას ბიზნეს ინტერესები აქვს. გარდა ამისა, ბიბილოვი აქტიურ კონტაქტებს ინარჩუნებს ოს მებრძოლებთან, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების და მოხალისეთა ფორმირებების შემადგენლობაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობენ.
ამასთან დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიაში რუსეთთან დაკავშირებული კიდევ 46 ორგანიზაცია და პიროვნება შეიყვანა.
სანქციები დაუწესდა კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" წევრების, მისი მემკვიდრე "აფრიკული კორპუსის" და მათი მეთაურების მიმართ,, რომლებიც აფრიკის ქვეყნებში იბრძოდნენ.
სანქციები შეეხო დენის სერგეევს, 2018 წელს სოლსბერის "ნოვიჩოკით" მოწამვლაში მონაწილეობის გამო. ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით, სერგეევმა დახმარება გაუწია ქიმიური იარაღის მომზადებასა და გამოყენებაში.
სანქცირებული პირების და ორგანიზაციების აქტივები დაყადაღებულია, იკრძალება მათთან თანამშრომლობა, ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში შესვლა.
შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები რეგულარულად აწესებენ სანქციებს, რომლებიც კრძალავს ან ზღუდავს თანამშრომლობას რუსულ სუბიექტებთან რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.