ოდესა, დნეპროპეტროვსკი, პოლტავა - რუსეთმა უკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევა მიიტანა
რუსეთის ჯარებმა 28 მარტს, შუაღამის შემდეგ, უკრაინაზე იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დნეპროპეტროვსკის ოლქში დრონებით შეტევას ნგრევა მოჰყვა აგრარული საწარმოს ტერიტორიაზე. ქალაქ დნეპრის რაიონში დაზიანებულია ინფრასტრუქტურის ობიექტი. კონკრეტულად რომელი, საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია არ ასახელებს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად ოდესის ოლქში დაზიანებულია კერძო სახლები, გაჩნდა ხანძრები. დაშავდა ერთი ადამიანი.
პოლტავის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დრონებით მასირებული შეტევა იყო სამრეწველო ზონაში მდებარე სამოქალაქო ობიექტებზე. ექვს სხვადასხვა ადგილზე დაზიანებულია საწყობები, ადმინისტრაციული შენობა და ერთ-ერთი საწარმოს ტრანსფორმატორი. 2500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩენილი ხანძარი გამთენიისას ჩააქრეს. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობითვე, არავინ დაშავებულა.
ქალაქ პოლტავაზე დრონებით შეტევა იყო 27 მარტს, საღამოსაც. ქალაქის ზოგიერთ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
განახლება: უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 28 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, გასული საღამოდან დღეს დილამდე რუსეთმა გამოიყენა სხვადასხვა ტიპის 163 დრონი.
სარდლობის თანახმად, საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 89 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს უკრაინის სამხრეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებში, ხოლო 51 „უპილოტო-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.
უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ იუწყება რუსეთიც.
თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 28 მარტს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 78 უპილოტო საფრენი აპარატი. მათ შორის 32 - ვორონეჟის ოლქში, 19 - სარატოვის ოლქში, 17 - კურსკში, 6 - ბელგოროდის ოლქში, 2 - ლიპეცკში, 1 - როსტოვის ოლქში და 1 - ტამბოვში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხმელეთზე შედეგების შესახებ არაფერს ამბობს.
27 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში, უკრაინის მხარდამჭერი ევროპული ქვეყნების ლიდერთა სამიტზე განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ამზადებს ახალ შეტევებს სუმის, ხარკოვის და ზაპოროჟიეს ოლქებში.
ზელენსკის თანახმად, რუსეთი მოლაპარაკებებს აჭიანურებს და ცდილობს აშშ ჩაითრიოს ყალბ პირობებზე დაუსრულებელ და უსაგნო დისკუსიებში, რათა დრო მოიგოს და უკრაინის კიდევ უფრო მეტი მიწის დაპყრობა სცადოს.
უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, არ დაუშვან რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაუქმება, რადგან ეს დიპლომატიისთვის კატასტროფა იქნება. ზელენსკის შეფასებით, სანქციები ერთ-ერთია არცთუ ბევრ საშუალებას შორის, რომელიც მსოფლიოს აქვს, რათა რუსეთს სერიოზული მოლაპარაკებებისკენ უბიძგოს.
საუდის არაბეთში 23-25 მარტს გამართული აშშ-უკრაინის და აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენების აღმოფხვრასა და კომერციული გემების სამხედრო მიზნებით გამოყენების აღკვეთაზე.
თავის მხრივ, კრემლმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ძალის გამოუყენებლობის პუნქტი ამოქმედდება მას შემდეგ, რაც გაუქმდება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ნაწილი.
მოსკოვი მოითხოვს სანქციების მოხსნას „როსსელხოზბანკისა“ და სურსათის და სასუქების მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიებისთვის, უცხოეთის პორტებში მომსახურების შეზღუდვის გაუქმებას რუსეთის დროშით მცურავი გემებისთვის, რომლებსაც სურსათი და სასუქები გადააქვთ და რუსეთისთვის ამ პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკის მიწოდების აღდგენას.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პირობებს განიხილავენ.