სოჭში დააკავეს რუსეთისა და „აფხაზეთის მოქალაქე“, რომელიც „ბასაევს აქებდა“
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) დააკავა რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის მქონე სოჭის მკვიდრი, რომელიც, რუსეთის სპეცსამსახურის ინფორმაციით, „შამილ ბასაევს აქებდა“. "ეფესბეს" ცნობით, დაკავებული ამას აფხაზეთში ყოფნისას აკეთებდა, ტელეგრამის არხის საშუალებით. დაკავებულის ვინაობა არ სახელდება.
„ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში დადგენილია, რომ ადგილობრივი მცხოვრები, აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნისას, თავის ტელეგრამის არხზე აქვეყნებდა სერიას მასალებისა, რომლებიც მიმართული იყო საჯაროდ ტერორისტული საქმიანობის გამართლებისა და ხელშეწყობისკენ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1991 წლიდან 2006 წლამდე მოქმედი არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფებების ლიდერების, კერძოდ, ტერორისტის, შამილ ბასაევის გმირული იმიჯის შექმნის გზით“, - ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებულს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქმე აღიძრა „ტერორისტული ქმედებების ჩადენისკენ საჯარო მოწოდებების, ტერორიზმის საჯაროდ გამართლებისა ან ტერორიზმის პროპაგანდის“ მუხლით.
სავარაუდოდ, მასალები, რომლებზეც რუსეთის "ეფესბე" მიუთითებს, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს სკანდალთან, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გასული წლის ოქტომბერში გაჩაღდა. მაშინ რუსული ტელეგრამის არხები წერდნენ ბასაევის ფოტოებზე, რომლებიც „აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში“ იყო გამოფენილი. სოხუმში „რუსეთის საელჩოში“ აცხადებდნენ, რომ პორტრეტის გამოფენა დაუშვებლად მიაჩნიათ, რის შემდეგაც მუზეუმმა ჯერ დახურა თანამედროვე ისტორიის დარბაზი, შემდეგ კი ექსპოზიცია არქივში გადაიტანა, დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის მინისტრის, ვლადიმირ ანუას მოთხოვნით.
ჩეჩენი საველე მეთაური შამილ ბასაევი აფხაზეთის ომში აფხაზურ მხარეს იბრძოდა. განსაკუთრებული დამსახურებისთვის, დე ფაქტო რესპუბლიკის პირველმა ე.წ. პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ ის „აფხაზეთის გმირის“ მედლით დააჯილდოვა.
მოგვიანებით შამილ ბასაევის სახელი დაუკავშირდა რუსეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს და მოხსენიებულია, როგორც „ნომერი პირველი ტერორისტი“. მან აიღო პასუხისმგებლობა 2004 წელს ბესლანის სკოლაზე თავდასხმის ორგანიზებაზე - ბესლანის №1 სკოლაში მომხდარ ტერაქტს 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 186 ბავშვი იყო.