აბუ-დაბიში დასრულდა რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის სამმხრივი შეხვედრის მეორე რაუნდის პირველი დღე
4 თებერვალს აბუ დაბიში დასრულდა რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღე. სამშვიდობო მოლაპარაკებების მიზანია უკრაინაში რუსეთის აგრესიის დასრულების გზების გამონახვა. კონსულტაციები 5 თებერვალს გაგრძელდება.
როგორც გამოცემა Axios იტყობინება უკრაინის ხელისუფლების ანონიმ წარმომადგენელზე დაყრდნობით, საკითხების განხილვა პროდუქტიული იყო. მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა ტარდება.
რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, ადმირალი იგორ კოსტიუკოვი. უკრაინის დელეგაციას უძღვებოდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი. შეერთებული შტატების მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და არმიის მინისტრი დენიელ დრისკოლი.
როგორც Politico იტყობინება უკრაინელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, საუბრის მთავარი თემა იყო ტერიტორიული საკითხი.
მოსკოვისა და კიევის წარმომადგენლებმა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დასრულების მიზნით პირდაპირი მოლაპარაკებები, რომელიც აშშ-ის გეგმით ტარდება აბუ-დაბიში, პირველად გამართეს 23 და 24 იანვარს.
მოლაპარაკებებთან დაახლოებული წყაროების თანახმად, მხარეებმა უკვე შეათანხმეს რამდენიმე პუნქტი, მაგრამ ტერიტორიულს საკითხზე არ შეთანხმებულან. პირველი რაუნდის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ დონბასის საკითხი ერთადერთია, რომელიც ჯერ არ არის გადაწყვეტილი. რუსეთი დონბასიდან უკრაინის ჯარების გაყვანას მოითხოვს. კიევი უარყოფს ამ მოთხოვნას.
დონბასი უკრაინის შემდგენლობაში შედის, მაგრამ მის ნაწილს რუსეთის ჯარები აკონტროლებენ. ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტერიტორიების საკითხი შეიძლება გადაიჭრას მხოლოდ მის პირად შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.