უნგრეთი უკრაინის პრეზიდენტს „ღია მუქარაში" ადანაშაულებს
უნგრეთის მთავრობამ „ღია მუქარად" მიიჩნია რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომელიც ევროკავშირის 90-მილიარდიანი დახმარების განბლოკვის აუცილებლობაზე საუბრისას გააკეთა.
ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გაცემა უნგრეთმა დაბლოკა მას შემდეგ, რაც მილსადენ „დრუჟბის“ დაზიანების შედეგად შეწყდა უკრაინის გავლით უნგრეთში რუსული ნავთობის ტრანზიტი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 მარტს გამართულ ბრიფინგზე, არმიის საჭიროებებზე საუბრისას განაცხადა, რომ იმედია, ევროკავშირში „ერთი პირი“ აღარ დაბლოკავს 90-მილიარდიან კრედიტს და უკრაინელ მეომრებს იარაღი ექნებათ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ზელენსკიმ თქვა, „ამ პირის მისამართს მისცემს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ბიჭებს, დაურეკონ და თავიანთ ენაზე დაელაპარაკონ“.
უკრაინის პრეზიდენტი „ერთ პირში“ გულისხმობდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს. მისი მთავრობის სპიკერმა ზოლტან კოვაჩმა სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა ეს ფრაგმენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ბრიფინგიდან და დაწერა, რომ „ზელენსკის მხრიდან მუქარა და შანტაჟი ყველა დასაშვებ ზღვარს გასცდა".
კოვაჩის თანახმად, „მუქარა“, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს ადამიანის მისამართს მისცემს იმიტომ, რომ ის არ ეთანხმება მორიგ 90-მილიარდიან პაკეტს, ეს არა დიპლომატია, არამედ „ღია მუქარაა“. ორბანის მთავრობის სპიკერის განცხადებით, უნგრეთის დაშინება შეუძლებელია და შანტაჟს არ ექვემდებარებიან.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადება გააკრიტიკა ევროპარლამენტის დეპუტატმა, უნგრეთის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ ლიდერმა პეტერ მადიარმა, რომელიც თავის პარტიასთან ერთად პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა და მისი პარტია „ფიდესის“ მთავარი მეტოქეა 2026 წლის აპრილში დანიშნულ არჩევნებში.
უნგრული გამოცემის, 444.hu-ს ცნობით, მადიარმა განაცხადა, რომ ვერცერთი უცხო სახელმწიფოს ხელმძღვანელი ვერცერთ უნგრელს ვერ დაემუქრება.
ევროკავშირის წევრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და მისმა მთავრობამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც შეინარჩუნეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და რუსეთის მთავრობასთან კარგი ურთიერთობები და უარი არ თქვეს რუსული გაზისა და ნავთობის შეძენაზე, რაც უნგრეთის მოქალაქეების ინტერესებით ახსნეს.ორბანი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევის და ევროკავშირში უკრაინის გაწევრების მოწინააღმდეგეა და ხშირად აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკას.
უკრაინა მსოფლიოს სახელმწიფოებს, რომლებიც რუსული ენერგომატარებლების შეძენას განაგრძობენ, დიდი ხანია მოუწოდებს, უარი თქვან რუსულ ნავთობსა და გაზზე, როგორც უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების ძირითად წყაროზე.
უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც 2026 წლის იანვრის ბოლოდან შეწყდა მილსადენ „დრუჟბით“ უკრაინის გავლით უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება.
კიევმა განაცხადა, რომ ლვოვის ოლქში არსებული მილსადენის ტექნოლოგიური, დამხმარე დანადგარი რუსეთის ჯარების დარტყმის შედეგად დაზიანდა. უნგრეთის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა უკრაინა ტრანზიტის განახლების ხელოვნურად, პოლიტიკური მიზნებით გაჭიანურებაში დაადანაშაულეს. მათ კიევმა მიუთითა, რომ პრეტენზიების ადრესატი კრემლია.
„დრუჟბით“ ნავთობის ტრანზიტის შეწყვეტის გამო უნგრეთმა სლოვაკეთთან ერთად 23 თებერვალს დაბლოკა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-20 პაკეტი. ბუდაპეშტმა უარი თქვა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფის მხარდაჭერაზეც და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გადახედავს მას შემდეგ, რაც განახლდება უკრაინის გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტი.2 მარტს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ სატელიტური ფოტოების მიხედვით, „დრუჟბის“ მუშაობის განახლებისთვის არანაირი შეფერხება არ არსებობს. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საპასუხო კომენტარი იყო, რომ სატელიტური ფოტოებით ყველა დეტალის გარკვევა შეუძლებელია.
5 მარტს ზელენსკიმ განაცხადა, რომ მილსადენის მუშაობის აღდგენას დაახლოებით თვე-ნახევარი დასჭირდება.