ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა ნატოს მისია არ არის
დიდი ბრიტანეთი სხვა ქვეყნებთან ერთად მუშაობს ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი სავაჭრო ნაოსნობის აღსადგენად, თუმცა ეს მარტივი ამოცანა არ არის. ამის შესახებ, როგორც BBC წერს, ლონდონში დღეს, 16 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.
მსოფლიოში ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისთვის უმნიშვნელოვანეს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა პრაქტიკულად, შეწყვეტილია აშშ-ისრაელსა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებების გამო. ირანმა სრუტე ფაქტობრივად, დაბლოკა. ამან ხელი შეუწყო საწვავის გაძვირებას.კირ სტარმერის თქმით, ჰორმუზის სრუტის გახსნა საჭიროა ბაზრების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, თუმცა კომერციული გემების თავისუფალი მიმოსვლის აღდგენა ნატოს მისია არ არის.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მუშაობენ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული გეგმის შესამუშავებლად, მაგრამ ერთი რამ აშკარაა - ეს ვერ იქნება და არასდროს იგეგემებოდა, როგორც ნატოს მისია.
15 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ნატოელი მოკავშირეები უარს იტყვიან დახმარებაზე ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ეს ნატოს მომავლისთვის „ძალიან ცუდი“ იქნება.
ჰორმუზის სრუტის საკითხის გადასაწყვეტად ნატოს როლს ვერ ხედავს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფულიც.
16 მარტს ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე ვადეფულმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვერ ხედავს ამ მიმართულებით ნატოს მიერ რაიმე გადაწყვეტილების მიღების, ან ჰორმუზის სრუტეზე პასუხისმგებლობის აღების შესაძლებლობას.
ნატოს წევრი სახელმწიფოები ვალდებული არიან ერთმანეთს თავდასხმის შემთხვევაში დაეხმარონ, მაგრამ მსგავსი ვალდებულება არ არსებობს, როცა ალიანსის რომელიმე წევრი ომს თავად იწყებს.
2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე და დაიმუქრა, რომ ბარელი ნავთობის ფასი 200 აშშ დოლარს გადააჭარბებდა.9 მარტს ბარელი ნავთობის ფასმა 2022 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა 100 აშშ დოლარს.