ევროკავშირის სასამართლომ უარყო 5 რუსი ბიზნესმენის საჩივარი სანქციების მოხსნის შესახებ
ევროკავშირის სასამართლომ უარყო ხუთი რუსი ბიზნესმენის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც სანქციების მოხსნას ითხოვდნენ. ლუქსემბურგში მდებარე სასამართლომ გადაწყვეტილება 26 მარტს მიიღო.
ევროკავშირის სანქციები ძალაში რჩება კომპანია „ურალხიმის“ დამფუძნებელ დმიტრი მაზეპინის, „ალფა-ბანკის“ თანადამფუძნებელ გერმან ხანის, მრავალპროფილიანი კომპანიების ჯგუფ „სინარას“ დამფუძნებელ დმიტრი პუმპიანსკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია „იანდექსის“ გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილის, ტიგრან ხუდავერდიანის და „მაგნიტოგორსკის მეტალურგიული კომბინატის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელ ვიქტორ რაშნიკოვის წინააღმდეგ.
მათ წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციები აამოქმედა 2022 წლიდან, უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ევროკავშირის სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ამ ბიზნესმენებს კავშირები რუსეთის მთავრობასთან, სფეროებს, რომლებშიც მუშაობენ, რუსეთის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვთ და შესაბამისად, ირიბად ხელს უწყობენ უკრაინის საწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსებას.
ხუთმა ბიზნესმენმა სანქციები პირველად 2023 წელს გაასაჩივრა საერთო იურისდიქციის სასამართლოში. მისგან უარის შემდეგ სააპელაციო საჩივრით მიმართეს ევროკავშირის სასამართლოს.
უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულია 2500-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი. მათ შორის რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები.სანქცირებულ ბიზნესმენებს წვდომა აღარ აქვთ ევროკავშირის ტერიტორიაზე და იქ არსებულ საბანკო ანგარიშებსა და უძრავ ქონებაზე.ზოგიერთმა ბიზნესმენმა სანქციების მოხსნას მიაღწია. მაგალითად, 2024 წელს ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიიდან ამოიღეს საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია „იანდექსის“ თანადამფუძნებელი არკადი ვოლოჟი და საინვესტიციო კომპანია „სისტემის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი სერგეი მნდოიანცი.