რუბიო: ირანში მიზნების შესრულება სახმელეთო ჯარის გარეშეა შესაძლებელი
“ჩვენ ვაპირებთ გავანადგუროთ მათი ქარხნები, რომლებიც აწარმოებენ რაკეტებსა და დრონებს; ჩვენ ვაპირებთ გავანადგუროთ მათი ფლოტი; ჩვენ ვაპირებთ გავანადგუროთ მათი სამხედრო-საჰაერო ძალები და ჩვენ ვაპირებთ მნიშვნელოვნად გავანადგუროთ მათი სარაკეტო გამშვები დანადგარები, რათა ვერასოდეს შეძლონ ამ ყველაფრის უკან ამოფარება, ბირთვული იარაღის შესაქმნელად. ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ ვაღწევთ ყველა ამ მიზანს“, - მარკო რუბიო აღნიშნავს ასევე, რომ მიზნების უმეტესობა გრაფიკით დადგენილზე სწრაფად სრულდება და პროცესის ბოლომდე მიყვანა შესაძლებელია „ნებისმიერი სახმელეთო ჯარის გარეშე“, თუმცა, მისი თქმით - აშშ მრავალმხრივი გაუთვალისწინებელი სცენარებისთვისაც ემზადება, თუკი ასეთები იჩენს თავს.
ამ კონტექსტში სახელმწიფო მდივანმა ილაპარაკა რეგიონში სამხედრო ძალის განლაგების გეგმაზე - რათა აშშ-ის პრეზიდენტს მიეცეს "მაქსიმალური არჩევანის საშუალება და მაქსიმალური შესაძლებლობა".
ბოლო ცნობებით, ვაშინგტონმა ახლო აღმოსავლეთში ათასობით საზღვაო ქვეითი გაგზავნა და პირველი შენაერთი, სადესანტო ხომალდით, დანიშნულების ადგილას მარტის ბოლოს ჩავა. ვარაუდობენ, რომ პენტაგონი ასევე ათასობით ელიტარულ საჰაერო-სადესანტო ჯარისკაცს განათავსებს რეგიონში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მარკო რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ - მიზნების სრულად მიღწევა და სამხედრო ოპერაციის დასრულება შესაძლებელია არა რამდენიმე თვეში, არამედ რამდენიმე კვირაში.
პარალელურად, აშშ გამოხატავს მზადყოფნას სამხედრო ოპერაციის დიპლომატიური გზებით დასრულების შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე კვირაში ილაპარაკა შესაძლო პროდუქტიულ მოლაპარაკებებზე.
მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონს ჯერ ისევ არ მიუღია თეირანის პასუხი მისთვის გაგზავნილ 15-პუნქტიან წინადადებაზე.
თეირანმა არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.
2026 წლის 28 თებერვალს ირანს ჯერ ისრაელმა დაარტყა; ხოლო რამდენიმე საათში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში „მასშტაბური სამხედრო ოპერაციები“ დაიწყო. მან ასევე თქვა, რომ თეირანის “ტერორისტულ რეჟიმს აღარასოდეს ექნება ბირთვული იარაღი!”. 2 მარტს დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამხედრო ოპერაციები უკვე წინ უსწრებს წინასწარ შემუშავებულ გრაფიკს. მისი პროგნოზი იყო, რომ აშშ-ის კამპანია, სავარაუდოდ, 4-5 კვირას გასტანდა, თუმცა არ გამორიცხა, რომ - უფრო მეტი დროც მოეთხოვა.