"ევროპარლამენტის რეზოლუციას პოლიტიკური ელფერი აქვს, რაც სახალხო პარტიის ხელწერაა"-ვოლსკი
ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მედია თავისუფლების მნიშვნელობაზე არსებულ ჩანაწერზე ამახვილებენ ყურადღებას ოპოზიციის წევრი დეპუტატები. რეზოლუციას უკვე მოჰყვა შეფასებები.
"ევროპარლამენტის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას ჯერჯერობით პროექტის სახე აქვს და მას ახლავს პოლიტიკური ელფერი, რაც სახალხო პარტიის ხელწერაში გამოიხატება,"-ამის შესახებ განცხადება მმართველი გუნდის ლიდერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
ოპოზიცია კი მოუწოდებს სახელისუფლებო გუნდს გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ევროპარლამენტი გასცემს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი თქმით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.
„რეზოლუციაში ადეკვატურად არის ასახული ის პროექტები, რითაც მთავრობა ხელს უშლის საკუთარ ქვეყანას ევროპულ ინტეგრაციაში. ეს არის შერჩევითი სამართალი, ეს არის წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს არის რუსთავი 2-ის და ზოგადად მედიის თემები, ეს არის ძალადობა ოპოზიციაზე. ამ თემებზე ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ და ადეკვატურად აისახა ის რეზოლუციაში,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.