მაიკ პომპეომ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ირანი დემონსტრანტების უფლებების ხელყოფაში
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვაშინგტონს მოეპოვება სულ მცირე 20 ათასი „მესიჯი, ვიდეო, სურათი და წერილი“, რომლებიც ააშკარავებს ქვეყანაში მომხდარი ანტისამთავრობო გამოსვლების პასუხად ხელისუფლების მხრიდან „ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას.“
26 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე მაიკ პომპეომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-ის გააგრძელებს სანქციებს იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან საპროტესტო აქციების სასტიკ დაშლასთან, რასაც ირანის მასშტაბით 143 კაცი შეეწირა.
მანამდე აშშ-მა მოუწოდა დიდ სოციალურ ქსელებს, ფეისბუკს, ინსტაგრამსა და ტვიტერს, შეუჩეროს ანგარიშების მუშაობა ირანის მთავრობის ლიდერებს, სანამ მთელ ქვეყანაში არ აღდგება ინტერნეტის მუშაობა.
ირანის მთავრობამ 15 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო გამოსვლების პარალელურად, თითქმის მთელ ქვეყანაში შეუწყვიტა მოსახლეობას წვდომა ინტერნეტზე. გამოსვლები იყო ირანის ასამდე ქალაქში. პროტესტის მიზეზი იყო საწვავის ფასის გაორმაგება.
ასეთი მასშტაბის საზოგადოებრივი ძალადობა ბევრს არ ახსოვს ბოლო ათი წლის განმავლობაში. ირანი უცხოელ მტრებს, აშშ-ს, საუდის არაბეთსა და ისრაელს ადანაშაულებს. თეირანი აცხადებს, რომ ხუთი ადამიანი მოკლეს. უცხოეთის უფლებადამცავი ჯგუფები, მათ შორის Amnesty International-ი, აცხადებენ, რომ მოკლულთა რიცხვი ასზე მეტია.