როგორ დავგეგმოთ კარიერა სწორად
პროფესიები დროთა განმავლობაში იცვლება. ზოგი მეტად მოთხოვნადი ხდება, ზოგი დავიწყებას ეძლევა და სხვა ალტერნატივით ჩანაცვლდება ხოლმე. თანამედროვე სამყაროში არსებობს გარკვეული პროფესიები, რომლებზეც მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება. თუმცა სასურველი კარიერის არჩევა მხოლოდ გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით რთულია, როცა ეს ყველაფერი ჩვენს სურვილებს და მოთხოვნებს არ შეესაბამება.
ერთია რა სურს მსოფლიოს, მეორეა რა გვსურს ჩვენ. პროფესია მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი განუყოფელი ნაწილი იქნება, ამიტომ ისეთი რამის არჩევა, რაც სიამოვნებას არ გვანიჭებს, ვერ გაგვაბედნიერებს.
როდესაც კარიერას ვირჩევთ, კარგად უნდა დავფიქრდეთ საჭიროებებზე, მოტივაციაზე, ოცნებებზე და რაც მთავარია, უნარ-ჩვევებზე. აუცილებელია, ვიცოდეთ ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები.
პირველ რიგში, გამოიკვლიეთ საკუთარი თავი და შინაგანი სამყარო. დაუსვით თქვენს თავს რამდენიმე კითხვა:
- ყველაზე მეტად რისი შესწავლა განიჭებთ სიამოვნებას?
- როგორ მოგწონთ დროის გატარება?
- ფიზიკური მუშაობის დროს უფრო მეტ ენერგიას ხარჯავთ თუ მენტალურის?
- გარეთ მუშაობა გირჩევნიათ თუ შენობაში?
- რას ნიშნავს წარმატება თქვენთვის?
- რა მიგაჩნიათ მთავარ პრიორიტეტად?
- ყველაზე კარგად განვითარებული რა უნარი გაქვთ?
- რა არის თქვენი ცხოვრებისეული მიზანი?
მეორე ეტაპზე გადააფასეთ თქვენი პრიორიტებები. როგორი თანმიმდევრობით დაალაგებდით შემდეგ ცნებებს:
- ანაზღაურება
- სარგებელი
- დამოუკიდებლობა
- დაბალანსებული სამუშაო და პირადი ცხოვრება
- მოქნილობა
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა
სოციალურ ქსელში მრავლად შეხვდებით ქვიზებს, რომლებიც საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ. თუ გსურთ, საკუთარ თავსა და პიროვნულ მახასიათებლებზე მეტი გაიგოთ, ეცადეთ, იპოვოთ რაც შეიძლება მეტი საინტერესო კითხვა და გასცეთ მათ გულწრფელი პასუხები. ტესტის შედეგები თუ არა ეს პროცესი ნამდვილად დაგეხმარებათ, უკეთ გაუგოთ თქვენს შინაგან მოთხოვნილებებს და სურვილებს.
ყოველთვის ადევნეთ თვალი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და გლობალურ პროცესებს. შეიძლება ნებისმიერი მოვლენის შემდეგ შეგეცვალოთ აზრი და სულ სხვა მიმართულებით წასვლა მოგინდეთ. ყველაზე მთავარია, იცოდეთ, რა გსურთ, მაშინ ვერანაირი დაბრკოლება შეგიშლით ხელს.
წყარო/ფოტო: Course Era