აშშ აცხადებს, რომ გააძლიერებს უკრაინის თავდაცვით შესაძლებლობებს, რუსეთი ამ ნაბიჯს მწვავედ აკრიტიკებს
აშშ აცხადებს, რომ გადაწყვიტა უკრაინას მიაწოდოს "თავდაცვის გაძლიერებული საშუალებები", საიმისოდ, რომ მას დაეხმაროს "სამომავლო აგრესიის შეკავებაში". ამ ნაბიჯით ღრმავდება აშშ-ის ჩართულობის ხარისხი აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში, სადაც კიევი ებრძვის რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ჰეზერ ნაუერტმა 22 დეკემბერს გვიან საღამოს თქვა, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს უკრაინის დახმარებას - რომელსაც უკვე დიდი ხანია სურს თავისი თავდაცვითი საშუალებების გაძლიერება - "საიმისოდ, რომ მან დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და შეაკავოს სამომავლო აგრესია". განცხადებაში არ დაზუსტებულა რა ტიპის იარაღზეა საუბარი, თუმცა CNN -ი და ასოშიეიტედ პრესი ავრცელებენ ანონიმურად დატოვებული აშშ-ის ოფიციალური პირების სიტყვებს, რომ ისინი მოიცავს "ჯაველინების" ტიპის ანტისატანკო რაკეტებს, რომლებსაც უკრაინა დიდი ხანია ითხოვს. ამ ნაბიჯს მწვავე რეაქციით გამოეხმაურა რუსეთი - ფედერალური საბჭოს წარმომადგენელმა, კონსტანტინ კოსაჩოვმა, მას უწოდა ომისკენ გადადგმული ნაბიჯი: "ვაშინგტონის გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ანიჭებს უპირატესობას ომს და არა მშვიდობას", განაცხადა მან და დასძინა, ამ ნაბიჯს "აშკარა, ღია და თან დეკლარირებული პოლიტიკური განზომილება" აქვსო. პარალელურად, მიმდინარეობს დისკუსიები გაეროს მშვიდობის დამცველების გაგზავნის შესაძლებლობაზე, უკრაინელთა და ეუთოს საგანგებო დამკვირვებელთა უსაფრთხოების დასაცავად. რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს წარსულში ნათქვამი აქვს, რომ აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება კონფლიქტს გააძლიერებს და შესაძლოა გამოიწვიოს სეპარატისტთა მხრიდან სამხედრო ოპერაციების გაფართოება. უკრაინა ებრძვის რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს, რომლებიც აკონტროლებენ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილებს. 2014 წლის აპრილის შემდეგ ამ ომს შეეწირა 10,300-ზე მეტი ადამიანი. რუსეთი უარყოფს ჩარევას უკრაინის საშინაო საქმეებში, მიუხედავად დამაჯერებელი მტკიცებულებებისა, რომ მოსკოვმა სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური დახმარება გაუწია სეპარატისტებს.