სერჟ სარგსიანი საქართველოს პრემიერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირადად უმასპინძლა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მთავრობის მეთაურმა სომხეთის პრეზიდენტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, მომავალი ახალი წელი მიულოცა და ორი ქვეყნის მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს პრემიერ-მინისტრს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა სომხეთის პრეზიდენტმა და ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების რწმენა გამოთქვა. მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე - საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალურ ვიზიტზე სომხეთის რესპუბლიკაში, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.