კოსოვოს პრეზიდენტი მზად არის, ხელი მოაწეროს კანონპროექტს ჰააგის სასამართლოს გაუქმების შესახებ
კოსოვოს პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩის განცხადებით, ის ხელს მოაწერს კანონპროექტს ჰააგის სასამართლოს გაუქმების შესახებ, თუ ასეთ კანონპროექტს პარლამენტი დაამტკიცებს. ტაჩიმ 27 დეკემბერს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ „არ აქეზებს კანონმდებლებს“ ასეთი ნაბიჯის გადადგმისაკენ, მაგრამ ხელს მოაწერს „ნებისმიერ გადაწყვეტილებას“, რომელსაც ამ საკითხზე პარლამენტი მიიღებს. კოსოვოს მმართველი კოალიციის წევრი პარლამენტარები მოითხოვენ, გაუქმდეს ტრიბუნალი, რომელსაც ევალება „კოსოვოს განთავისუფლების არმიის წევრთა“ გასამართლება კოსოვოში 1998-99 წლების ომის დროს სერბთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისათვის. ტრიბუნალი 2015 წელს ნიდერლანდში დაარსდა და კოსოვოს იურისდიქციას ექვემდებარება. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ტაჩიმ სასამართლოს „ისტორიული უსამართლობა უწოდა“. მისი თქმით, „სერბია შეიჭრა კოსოვოში და ეს იყო განმათავისუფლებლებისა და კოსოვოს ხალხის თავდაცვითი ომი“. შეერთებული შტატები და ევროკავშირი გადაჭრით ეწინააღმდეგებიან ჰააგის სასამართლოს გაუქმების მცდელობას. კოსოვომ 2008 წელს ცალმხრივი წესით გამოაგზავნა სერბიისაგან დამოუკიდებლობა, რომელიც უკვე 100-ზე მეტმა ქვეყანამ სცნო.