სირიის ომმა 2017 წელს 39 ათასამდე ადამიანი შეიწირა
სირიელი აქტივისტების ინფორმაციით, სირიის ომმა 2017 წელს შეიწირა 39 ათასამდე ადამიანი, მათ შორის 10 507 სამოქალაქო პირი. სირიელ ოპოზიციოერებთან დაკავშირებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ თავს უყრის ინფორმაციას კონფლიქტის ყველა მხარეზე მსხვერპლის შესახებ. მისი მონაცემებით, დაღუპულებს შორის არიან სირიის მთავრობის 2923 ჯარისკაცი და 7494 ექსტრემისტი, გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრების ჩათვლით. 2016 წელთან შედარებით, როცა „ობსერვატორიამ“ 49 ათასზე მეტი დაღუპული აღრიცხა, წელს მსხვერპლის რიცხვი შემცირებულია. სულ სირიის სამოქალაქო ომმა, რომლის დაწყებაც 2011 წლის მარტით თარიღდება, 400 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ადგილნაცვალ პირად აქცია 22-მილიონიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი.