რუსეთში გააუქმეს ბრიტანულ კომედია „სტალინის სიკვდილის“ ჩვენების ლიცენზია
რუსეთის კულტურის სამინისტრომ გააუქმა ბრიტანულ კომედია „სტალინის სიკვდილის“ ჩვენებაზე გაცემული ლიცენზია. ამის შესახებ იუწყება ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ტასი“. ფილმის ჩვენება 25 იანვრისათვის იყო დაგეგმილი. რუსეთის კულტურის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს შეფასებით, რეჟისორ არმანდო იანუჩის ნამუშევარს არ გააჩნია არც ისტორიული და არც მხატვრული ღირებულება და მასში შეურაცხყოფილია საბჭოთა სიმბოლიკა: ჰიმნი, ორდენები, მედლები. „მარშალი ჟუკოვი სულელად არის გამოყვანილი, ამას გარდა ფილმი შეიცავს ზომაგადასული ძალადობის სცენებს“ - უთხრა საზოგადოებრივი საბჭოს წევრმა პაველ პოჟიგაილომ მედიაჰოლდინგ ერბეკას (РБК). კულტურის სამინისტრომ 17 იანვარს გასცა კინოში „სტალინის სიკვდილის“ ჩვენების ნებართვა. გეგმით, 25 იანვარს ფილმი მოსკოვის 30 კინოთეატრში უნდა გამოსულიყო. ბრიტანული სატირული კინოსურათის მსოფლიო პრემიერა 2017 წლის სექტემბერში გაიმართა. სიუჟეტის მთავარი მოტივია კრემლში ძალაუფლებისათვის ბრძოლა 1953 წელს დიქტატორის გარდაცვალების შემდეგ.