პენტაგონი აცხადებს, რომ გააფრთხილა რუსეთი სირიის რეჟიმის მომხრეებზე იერიშის წინ
პენტაგონის თანახმად, აშშ-ის სამხედრო სარდლობამ გააფრთხილა რუსი კოლეგები იმ საჰაერო და სახმელეთო იერიშების შესახებ, რომლებიც სირიის მომხრე ძალებზე ხუთშაბათს განხორციელდა. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, დანა უაიტის თქმით, დეირ ალ-ზორის პროვინციაში განხორციელებული იერიშის შედეგად, ასადის მომხრე ათობით შეიარაღებული პირი დაიღუპა. თუმცა პენტაგონის წარმომადგენელს არ დაუზუსტებია, არიან თუ არა დაღუპულთა შორის რუსი სამხედროები. აშშ-ის სარდლობით მოქმედი „ურყევი მხარდაჭერის ოპერაციის“ სარდლობის ცნობით, მანამდე, 7 თებერვალს იერიში განხორციელდა სირიის დემოკრატიული ძალების ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედრო მრჩევლებიც იმყოფებიან. პენტაგონის თანახმად, თავდასხმაში, რომელიც სირიის რეჟიმის მომხრე ძალებმა მოაწყვეს, არც ერთი ამერიკელი სამხედრო არ დაღუპულა.