აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სავაჭრო წარმომადგენლობა მონაწილეობს პრაღის ბაზრობაში
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა მონაწილეობას იღებს პრაღაში მიმდინარე ტურიზმის საერთაშორისო ბაზრობაში, Holiday World-ის სახელით ცნობილ ღონისძიებაში, რომელსაც საგამოფენო ცენტრი „ინხება ექსპო პრაღა“ მასპინძლობს.
სეპარატისტული აფხაზეთის წარმომადგენლებს გამოფენაზე წარმოდგენილი აქვს აფხაზეთის ბუნების, კულტურის, ისტორიისა და ეთნოგრაფიის ამსახველი ტურისტული ბუკლეტები და გზამკვლევები.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლების მიწვევას ჩეხეთში, რომლის მთავრობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებად, ჩეხეთში საქართველოს საელჩოს პროტესტი მოჰყვა.
„ჩვენ მეყსეულად დავუკავშირდით ჩეხეთის რეგიონული განვითარების სამინისტროს და მოვთხოვეთ მათ, რომ არ დაეშვათ საერთაშორისო ტურისტულ ღონისძიებაში თვითგამოცხადებული აფხაზეთის დელეგაციის მონაწილეობა. სამინისტრომ და გამოფენის ორგანიზატორებმა მოახერხეს ის, რომ არ მიეცათ აფხაზებისათვის შესაძლებლობა, გამოეყენებინათ ე.წ. ოფიციალური ატრიბუტიკა და დროშა. თუმცა, ვინაიდან გამოფენის ორგანიზატორი იყო კერძო კომპანია და არა სახელმწიფო უწყება, აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მონაწილეობის მთლიანად გაუქმება ვერ მოხერხდა“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას საქართველოს საელჩოში.
სეპარატისტებთან თანაშრომლობის გამო ჩეხეთის ხელისუფლება გააკრიტიკა ცნობილმა ჩეხმა სენატორმა, იარომირ შტეტინამ. „საქართველოს ტერიტორია აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ნიშნავს თუ არა ოკუპაციის გამართლებას ის ფაქტი, რომ ჩეხეთის რეგიონული განვითარების სამინისტროს სახელით მოწყობილ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობენ აფხაზები? აი, ასეთია, რუსეთთან პრაქტიკული თანამშრომლობა.“ - დაწერა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე იარომირ შტეტინამ.
ჩეხეთის დედაქალაქში მიმდინარე ტურიზმის საერთაშორისო ბაზრობა 18 თებერვალს დასრულდება.