ბარათაშვილის ქუჩაზე შუშის ჩამოვარდინასას დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა
თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე შუშის ჩამოვარდნისას დაშავებული მოზარდი - 14 წლის ასლან მამედოვი კლინიკაში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ხუთი მოზარდი თბილისის ორ კლინიკაშია განთავსებული. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ექვსივე ბავშვი თბილისის 70-ე სკოლის მოსწავლეა. შსს-ს განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ხუთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე. ინგოროყვას საუბივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციული განყოფილების უფროსის გიორგი ხარჩილავას თქმით, პაციენტი კლინიკაში შეიყვანეს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმით. ის რამდენიმე წუთში გადაიყვანეს საოპერაციოში, მაგრამ ვერ მოხერხდა ოპერაციის დაწყება, რადგან მას რამდენჯერმე გაუჩერდა გული, „პრაქტიკულად, პაციენტი გარდაიცვალა ტრავმული შოკით და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო“, - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი ხარჩილავამ. უბედური შემთხვევა თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე 28 თებერვალს, დაახლოებით 15:30 საათზე მოხდა. ფასადის შუშა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შენობიდან ჩამოვარდა.