გიორგი მარგველაშვილმა და ფედერიკა მოგერინიმ განიხილეს ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში შეხვდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინის. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ აღმაშფოთებელია ყოფილი სამხედროს, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და ის, რომ საოკუპაციო რეჟიმი ცხედრის გადმოსვენებას ამ დრომდე აფერხებს. გიორგი მარგველაშვილმა და ფედერიკა მოგერინიმ ისაუბრეს გასულ წელს, ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შესახებაც და აღნიშნეს, რომ აუცილებელია გაძლიერდეს ძალისხმევა, რათა მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩეს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაშვების უზრუნველყოფა და ამ მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, საქართველოს ევროინტეგრაციის და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ სავიზო ლიბერალიზაცია და ასოცირების შეთანხმების განხორციელება წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია და ევროკავშირს და საქართველოს აქვთ ამბიციური დღის წესრიგი მომავალი წლისთვისაც. საუბარი იყო დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმების გაგრძელების საკითხზეც. ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს უმაღლეს შეფასებას აძლევს და ქვეყნის მხარდაჭერას გააგრძელებს.