პროკურორი უარყოფს ზურაბ ნეფარიძის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების არსებობას
„არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, ვიდეომასალები, სადაც ჩანს, თუ როგორ სთხოვს ზურაბ ნეფარიძე ბიუროს ერთ-ერთ თანამშრომელს, რომ მან მიუტანოს თანხა, რომელიც თითქოს ნეფარიძეს ეკუთვნის“ - განაცხადა პროკურორმა ბექა ეჟიშვილმა გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. მან კიდევ ერთხელ უარყო დაცვის მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პროკურატურას გააჩნია ზურაბ ნეფარიძის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები. საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ნეფარიძის ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ზურაბ ნეფარიძემ დღევანდელ პროცესზე ილაპარაკა ფარულ ვიდეოჩანაწერზე, რომელიც პროკურატურის ნებართვით განხორციელდა და ასახავს პირადი ცხოვრების გარემოებებს, სექსუალურ ურთიერთობებს. ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა ზურაბ ნეფარიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ პროკურატურა მას აშანტაჟებდა აღნიშნული ვიდეოჩანაწერის გავრცელებით, თუ არ აღიარებდა ქრთამის აღების ფაქტს.