მოსკოვში გახსნეს ბორის ნემცოვის მემორიალური დაფა
მოსკოვში გახსნეს ბორის ნემცოვის მემორიალური დაფა სახლზე, რომელშიც ეს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ცხოვრობდა. მალაია ორდინკას ქუჩაზე მდებარე სახლთან გამართული აქციის ორგანიზატორმა, ტელეწამყვანმა და რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა განაცხადა, რომ ნემცოვის მემორიალური დაფის გახსნა შეუძლებელი იქნებოდა ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციების, „პარნასისა“ და „სოლიდარობის“, ასევე ჯგუფ „ნემცოვის ხიდის“ ძალისხმევის გარეშე. რიგაში დაფუძნებულ რუსულენოვან საინფორმაციო საშუალება „მედუზის“ ინფორმაციით, ორგანიზატორებმა 15 მარტს მიიღეს სახლის ყველა მკვიდრის თანხმობა მემორიალური დაფის დამონტაჟებაზე. ცერემონიას არ დასწრებია ნემცოვის ქალიშვილი, ჟანა, რომელსაც „საარჩევნო პოლიტიკურ ღონისძიებად“ მიაჩნია მემორიალური დაფის გახსნა. ცერემონიაში მონაწილეობაზე უარი თქვა ნემცოვის მრავალმა თანამოაზრემაც, მათ შორის მოძრაობა „სოლიდარობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ილია იაშინმა. სახლზე, რომელშიც ნემცოვი ცხოვრობდა, შარშან საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფმა დაამაგრა მემორიალური დაფა, მაგრამ ის რამდენჯერმე ჩამოხსნეს კრემლის მომხრე მოძრაობა „სერბის“ აქტივისტებმა, ხოლო მერიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მემორიალური დაფა უკანონოდ იყო დამაგრებული. ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს, კრემლის მახლობლად მოკლეს.