უკრაინის პარლამენტი მიემხრო დეპუტატ სავჩენკოს დაპატიმრებას
უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა კენჭისყრა, რომელზეც უნდა გადაწყვეტილიყო, მიენიჭებოდა თუ არა სამართალ დამცავ ორგანოებს დეპუტატ ნადია სავჩენკოს დაპატიმრების უფლება. პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობამ მწვანე შუქი მისცა გენერალურ პროკურატურას, დააპატიმრონ კანონმდებელი. ნადია სავჩენკოს მიმართ საქმე აღიძრება და მას დააპატიმრებენ ეჭვის საფუძველზე, რომ ის, სახელმწიფო გადატრიალებას, ტერაქტის მომზადებას და უკრაინის მთავრობის და ხელისუფლებისუმაღლესი წარმომადგენლების სიცოცხლის ხელყოფას გეგმავდა. გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს თქმით, სავჩენკო მოქმედებდა ადრე დაკავებულ, ორგანიზაცია „ოფიცერთა კორპუსის“ ხელმძღვანელ, ვლადიმირ რუბანთან ერთად. პარლამენტში კენჭისყრის წინ დეპუტატებს უჩვენეს და მოასმენინეს ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომლებიც ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეში. ვიდეო მასალაზე, სავჩენკო და რუბანი, სხვათა შორის, განიხილავენ უკრაინის ხელისუფლების დამხობის ვარიანტებს. დეპუტატებისთვის წარდგენილ მასალას სავჩენკომ უწოდა „პოლიტიკური პროვოკაცია“ და "სიურრეალიზმი“. ის ამტკიცებს, რომ მხოლოდ ხელისუფლების დაშინება სურდა. მან აღიარა, რომ იარაღი სეპარატისტებისგან შეიძინა და არგუმენტად მოიყვანა ის, რომ „ყველაფრის ფასად სურდა ომის დასრულება“. პროკურატურას უკრაინელმა სამხედროებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ვითომ, მათ მიმართეს რუბინმა და სავჩენკომ წინადადებით,სახელმწიფო გადატრიალებაში მიეღოთ მონაწილეობა.